Aop Course & CES საშემსრულებლო კურსის ფარგლებში ტარდება კიდევ ერთი საინტერესო ვორკშოპი.
შემოგვიერთდით, სამშაბათს, 28 იანვარს 19:00 საათზე.
მარიშა ურუშაძე, დაბადებული 1997 წელს, თბილისში მცხოვრები და საერთაშორისოდ მოღვაწე მულტიმედია არტისტია. მისი შემოქმედება მოიცავს სხვადასხვა სახის სახვით საშუალებებს, მათ შორის: ფილმებს, პერფორმანსებს, ხმოვან და სხვა სახის ინსტალაციებს. 2012 წლიდან მოყოლებული აქტიურად იყო ჩართული მოდის ინდუსტრიაში, მონაწილეობა მიუღია მრავალ ვიდეო თუ ფოტოგადაღებაში. კამერის წინ ყოფნის ეს, ვრცელი გამოცდილება თანდათან გადაიზარდა საავტორო შემოქმედების გამოხატვის სურვილად. 2020 წლიდან მარიშა მუშაობს ექსპერიმენტულ მოკლემეტრაჟიან ფილმებზე, ამჟამად კი აუდიტორია მისი პირველი, სრულმეტრაჟიანი ფილმის დიდ ეკრანზე გამოსვლას ელოდება. მარიშას ხედვა შთაგონებულია ადამიანის არსით, პოეზიით, განსაკუთრებული ჟღერადობებითა და იმ მუდმივი გამოძახილით, რომელიც მსოფლიოს მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მისი სწრაფვა - გადაიტანოს ეს იმპულსები ხელოვნებაში - მისსავე ნამუშევრებს ღრმად დასაკვირვებელ, საინტერესო ობიქტებად აქცევს.
“მინდა მოვყვე ჩემს შესახებ და გავაზიარო გამოცდილება, რადგან გზად ბევრ სფეროს შევეხე და ყველა თავისებურად ეხება პერფორმანსს. პირადად მე, არ მაქვს პროფესიული განათლება, მაგრამ ამან არა თუ ხელი შემიშალა, რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ხელიც კი შემიწყო. ეს ინტერაქტიული ლექცია გამოცდილებების გაზიარება იქნება. შევეხები ისეთ საკითხებს როგორიც არის: საზღვარგარეთ მუშაობა, საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა, ქასთინგების მიმდინარეობა, სხვადასხვა ტიპის ანაზღაურება, შანსების ხელიდან არ გაშვება, ზოგადად სხვა და სხვა ტიპის პროცესების სწორად წარმართვა და შეცდომებზე სწავლა.”
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
Σχόλια