top of page
cestbilisi

მოგზაურობა მუსიკალურ ინდუსტრიასა და ჟურნალისტიკაში ჯაბასთან და რეზისთან ერთად

Updated: Apr 4, 2023


CES-ში უკვე 2 წელია რაც ჯაბა შავიშვილმა და რეზი ხუნწელიამ, „მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში “სასწავლო პროგრამა დააფუძნეს. განვლილი 2 წლის მანძილზე 3 ნაკადი, ათეულობით გულანთებული მუსიკით მეოცნებე ახალგაზრდა ენთუზიასტი შემატეს ქართულ მუსიკალურ ჟურნალისტიკის სივრცეს. სწორედ ამ სტუდენტების ბაზაზე და მათივე ინიციატივით ჩამოყალიბდადამოუკიდებელი მუსიკალური გამოცემა - Dancing On Architecture. ისინი მნიშვნელოვანი მუსიკალური პროექტის „Sounds Of…” გახლანან, რომელიც მიზნად ისახავს ამათუ იმ ქვეყნის მუსიკალური კულტურის შემეცნებასა და გაზიარებას. 2022 წლიდან კი DOA-ს კოლექტივი იწყებს თანამშრომლობას ცნობილ გლობალურ გამომცემლობა Resident Advisor-თან.

ჯაბა და რეზი, ქართული მუსიკალური ინდუსტრიის აქტიური, წარმატებული და მნიშვნელოვანი ფიგურები გახლანან, ისინი ბოლო ათწლეულის მანძილზე აქტიურად წერენ მუსიკის შესახებ ყველა წამყვან ქართულ მუსიკალურ პლათფორმასა და ჟურნალში. მათ მჭიდრო კავშირი აკავშირებთ ყველა მნიშვნელოვან ლოკალურ ფესტივალთან და რადიოსთან. განვლილმა 2 წელიწადმა გვაჩვენა რომ მათი თანამშრომლობა CES-თან უაღრესად ნაყოფიერი და შედეგიანია.


მათივე სიტყვებით „მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში“ კურსის გამოცდილება:


რას გულისხმობს თანამედროვე მუსიკალური ჟურნალისტიკა?


რეზი: დღეს მუსიკალური ჟურნალისტიკა არის მულტიდისციპლინური სფერო, სადაც ადამიანები ტექსტის, ვიდეო თუ აუდიო ფორმატის დახმარებით აანალიზებენ მუსიკის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, ტრადიციულ ჟურნალისტიკას წლების მანძილზე შემუშავებული აქვს მეთოდები, რომლითაც ინფორმაციის მოგროვება, დამუშავება და პრეზენტირება ხდება, მაგრამ დღეს ამ სფეროში სწორხაზოვანი არაფერია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს ის წახნაგი, რომლითაც ის შეძლებს აჩვენოს, თუ როგორია ჩვენი ბგერითი რეალობა და რა კავშირი აქვს მას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან.


თავდაპირველად თქვენ როგორ აღმოჩნდით ამ საკითხით დაინტერესებული?


ჯაბა: პირადად მე თინეიჯერობის დროს გამოთავისუფლებული დროისა და ენერგიის დახაჯვა მუსიკაში გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა რომ მუსიკოსობის ნიჭი არ მქონდა, ვეცადე ჩემი დრო რაც შეიძლება მეტი მუსიკის მოსმენის და მასზე ინფორმაციის მოგროვებისთვის დამეთმო. ასე ხდება ყველაფრის დასაწყისი, ყველა სხვა საფეხური კი მოდის შრომასთან და მუსიკასთან უფრო დიდი ხნის გატარების შემდეგ.


რეზი: ჩემთვის ყველაფერი ყოველთვის ცნობისმოყვარეობით იწყება და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ყოველთვის მიყვარდა მუსიკა, მუსიკის ისტორია და მინდოდა ამ სფეროსთან ყოველდღიური კავშირი მქონოდა. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკა მეხმარება როგორც პროფესიული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში, ასევე ჩემი თავის გამოხატვაშიც.


რატომ გადაწყვიტეთ რომ მსგავსი კურსი შეგექმნათ და რას მოიცავს ის?


ჯაბა: პირველ რიგში იმიტომ რომ მუდმივად, სხვადასხვა გზებით ყოველთვის ვცდილობდი ჩემი საყვარელი მუსიკა სხვებისთვის გამეზიარებინა და აქამდე საკმაოდ ბევრი გზა მოვძებნე ამისთვის, თუმცა ამასთანავე მნიშვნელოვანია რომ შენი პირადი გამოცდილება თავად ჟურნალისტიკასთან მიმართებაში გადაეცეს სხვებსაც, სხვებიც აენთონ მუსიკის სიყვარულით ისე, როგორც ერთ დროს ეს შენთან მოვიდა. ამას დაემატა ისიც რომ ეს მიმართულება საქართველოში ძალიან ახალია და მზარდ მუსიკალურ სცენასთან ერთად აუცილებლად გვჭირდება მისი გაშუქება, რაც მეტი ადამიანი იქნება ჩართული ამ საქმეში, მით უკეთესი ქართული მუსიკალური ინდუსტრიისთვის.


რეზი: ვფიქრობ, რომ ამ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის, გამოცდილებების და იდეების გაზიარება. შესაბამისად, ამ კურსის მიზანიც ეს არის: ერთ სივრცეში მოაქციოს ადამიანები, ვისაც უყვარს მუსიკა და სურვილი აქვს ეს სიყვარული სხვებსაც გაუზიაროს. იმის გათვალისწინებით, რომ მუსიკის ინდუსტრია წმინდა სახით საქართველოში არც არსებობს, მსგავსი ჩანასახების არსებობა ძალიან შეუწყობს ხელს ახალი და საინტერესო ძვრების დაწყებას.


როგორ ფიქრობთ რა აქვს თქვენს კურსს რაც მას უნიკალურს ხდის?


ჯაბა: ვფიქრობ ის მიდგომა და ჩვენი კურსის მრავალფეროვნება რასაც სტუდენტებთან ერთად ვქმნით. ამას ტყუილად არ ვამბობ, ვინაიდან კურსი იქმნება სტუდენტებთან ერთად და მისი წარმატებაც იმ ნაკადზეა დამოკიდებული რომლებიც ჩვენთან ერთად ამ ექსპედიციაში მოგზაურობას გადაწყვეტს. ჩვენი კურსი ბევრ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს და არ ჯდება მხოლოდ მუსიკალური ჟურნალისტიკის ფარგლებში, ჩვენ ზოგადად ვცდილობთ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს მუსიკალური ინდუსტრიის, მასში მოქმედი აქტორების და მისი მუშაობის პრინციპის შესახებ, ვინაიდან ვფიქრობთ რომ ამ ადამიანების მომავალიც ადრე თუ გვიან ამ ინდუსტრიაშია.


რეზი: აბსოლუტურად ვეთანხმები ჯაბას - კურსის მთავარი ღირებულება მის მრავალფეროვნებაშია. ჩვენ ვცდილობთ სასწავლო პროცესის თეორიული და პრაქტიკული ასპექტი ისე იყოს დაბალანსებული, რომ სტუდენტების ინდივიდუალური ღირსებები არ დაითრგუნოს. პირიქით, ინდივიდუალური მიდგომების და მეთოდების წახალისება ამ კურსის მთავარი უნიკალურობა მგონია.




ამ ორი წლის განმავლობაში როგორი იყო დაინტერესება კურსის მიმართ და რა პროფესიის ადამიანები არიან ისინი?


რეზი: როდესაც ეს კურსი დავიწყეთ, მიზანი იყო, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესებულიყო მუსიკის ინდუსტრიით და ჟურნალისტური საქმიანობით. ორი წლის შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან დიდი სივრცეა აუთვისებელი. ის ფაქტი, რომ ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა პროფესიის თუ ინტერესის მქონე ადამიანები იყვნენ, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ამ ყველაფერს საქართველოში მომავალი აუცილებლად ექნება.




რა სახის პროექტები განახორციელეთ ამ წლების განმავლობაში?


ჯაბა: შარშან გვესტუმრნენ მუსიკალური ჟურნალისტები შვეიცარიიდან, რომლებთან ერთადაც საინტერესო ვორქშოფები გვქონდა და ერთად გავაშუქეთ „აქტუალური მუსიკის ფესტივალი“. შევქმენით ფლეილისტები კოკა-კოლას საზაფხული კამპანიისთვის, რომელიც საქართველოს რამდენიმე ქალაქს მოედო. წელს კი დავიწყეთ „Sounds Of...” სერია, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების მუსიკას Mutant Radio-ს სივრცეში წარვადგენთ. ასეთი იყო უკრაინული და ქართული მუსიკალური სცენები და ეს სერია სექტემბერში უკვე პოლონეთის მუსიკალური ხმოვანებით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს, DOA-ს გუნდი პოპულარულ გლობალურ ელექტრონული მუსიკის გამოცემასთან, Resindent Advisor-თან დამეგობრდა და სულ მალე ჩვენი კოლექტივის წევრების რეცენზიებს ქართული მუსიკის შესახებ RA-ზეც წაიკითხავთ.




სად შეიძლება საქართველოში დასაქმდეს კურსის გავლის შემდეგ თქვენი სტუდენტი?


ჯაბა: ვფიქრობ ქართული მუსიკალური ინდუსტრია დღითი-დღე ვითარდება და შესაბამისად მუდმივად არის საჭიროება იმ ადამიანების, რომელთაც შესაბამისი ცოდნა გააჩნიათ, მარტივად რომ ვთქვათ არის tastemaker. შესაბამისად მათი პერსპექტივა იშლება რადიოებიდან დაწყებული, ფესტივალებით გაგრძელებული და ნებისმიერი მუსიკალური ინსტიტუციით დამთავრებული. მოკლედ მთავარია ინტერესი და მუსიკალურ ინდუსტრიაში შენს საქმეს აუცილებლად იპოვი.


აქვს თუ არა მუსიკალურ ჟურნალისტიკას პერსპექტივა რომ სამომავლოდ გახდეს პოპულარული პროფესია?


რეზი: ჩემთვის ამ სფეროს ერთ-ერთი ხიბლი ის არის, რომ ის არ არის საყოველთაო და მასიური. ის იზიდავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ზუსტად იციან თუ რატომ უნდათ ამ ველზე შებიჯება და საით მიდის ეს ძალიან საინტერესო გზა.


რას ურჩევდით ვისაც პირველადი დაინტერესება აქვს მუსიკისა და თქვენი კურსის მიმართ?


ჯაბა: ვურჩევდი რომ თუ მუსიკის მიმართ დიდი სიყვარული ამოძრავებთ აუცილებლად უნდა გამოსცადონ საკუთარი თავი ამ სფეროში, შეიძლება ეს არ იყოს მუსიკალური ჟურნალისტიკა, თუმცა სხვა ბევრი პროფესიის ათვისება შეიძლება. რა თქმა უნდა ჩვენთან უკეთესია - ვურჩევდი რომ ყველას მოეძებნოს საკუთარი მუსიკალური ტალღა და მისით ეცხოვროთ.


რეზი: აუცილებლად მიჰყვნენ თავიანთ ინტერესებს და მჯერა, რომ იპოვიან იმას, რასაც ეძებენ. საბედნიეროდ ეს რამდენადაც ბანალურად ჟღერს, იმდენად კარგად მუშაობს.




თუკი გიყვართ მუსიკა და გსურთ იპოვოთ თქვენი ადგილი ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში, ჯაბას და რეზის კურსი "მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში" თქვენთვის არის განკუთვნილი.

კურსის დეტალების გასაცნობად და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს აქ.





Comments


bottom of page